⚡ 11

პანდემიის გამო ევროპულმა კინოთეატრებმა $20 მილიარდით იზარალეს

🔥🔥🔥🔥
logo 01.01.1970 1 დღის წინ

პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნებისა და სხვა დაწესებული შეზღუდვების გამო, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს კინოთეატრებმა, სულ მცირე, $20 მილიარდით იზარალეს, – ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების (UNIC) ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების ინფორმაციით ირკვევა, ევროპული კინოთეატრების ზარალი უმეტესწილად იძულებითი ლოკდაუნებითა და პანდემიის შეკავების მიზნით შემოღებული შემდგომი რეგულაციებით, მათ შორის სეანსზე დამსწრეთა რაოდენობის შემცირებით და პირბადეების შემოღებით მიადგათ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ევროპული კინოთეატრების საკასო შემოსავლებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია – $9.3 მილიარდი შეადგინა, მაგრამ 2020 წელს ეს მაჩვენებელი $2.8 მილიარდამდე შემცირდა. შემდეგ წელს კინოთეატრებმა $3.9 მილიარდის შემოსავალი მიიღეს, რაც პანდემიამდელ ნიშნულს 70%-ით ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ ლოკდაუნების გარდა, ევროპული კინოთეატრების შემცირებული შემოსავალი და, შესაბამისად, შემცირებული მოგება, ნაწილობრივ, კონტენტის დეფიციტითაც არის გამოწვეული. UNIC-ის ინფორმაციით, 2019 წელს ევროპულ კინოთეატრებში 480 ფილმის პრემიერა შედგა, ხოლო 2020-ში – 250-ისა. ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა 2021 წელს, როცა 270 ფილმის პრემიერა შედგა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისა და ბრიტანეთის კინოთეატრების შემოსავლების უდიდესი ნაწილი ხუთ ფილმზე გადანაწილდა, ესენია: კერი ფუკუნაგას „სიკვდილის დრო არ არის“, ჯონათან უოტსის „ადამიანი ობობა: არავითარი გზა შინისკენ“, დენი ვილნიოვის „დიუნი“, ჯასტინ ლინის „ფორსაჟი 9“ და ენდი სერკისის „ვენომი 2: დაე იყოს კარნეიჯი“.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების დათვლებით, 2022 წელს, ევროპული კინოთეატრების შემოსავლები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. ზრდის ტენდენცია, უმეტესწილად, პანდემიური რეგულაციების გაუქმებით და ფილმების წარმოების გაზრდითაა განპირობებული. ანალიტიკური კომპანიის, Gower Street Analytics-ის ვარაუდით, ევროპული კინოთეატრები წელს $8.1 მილიარდის ოდენობის შემოსავალს მიიღებენ.

დატოვე კომენტარი

წყარო  logo 
 

Refresh